ახალი ამბები

ჰამბურგის აეროპორტის საფრენ ბილიკზე შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა – აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია

5 ნოემბერი, 2023 • 2648
ჰამბურგის აეროპორტის საფრენ ბილიკზე შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა – აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, მას შემდეგ რაც 4 ნოემბრის ღამით შეიარაღებული მამაკაცი ავტომობილით შეიჭრა საფრენ ბილიკზე.

განახლება, 19:33, 5 ნოემბერი: მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა.

აეროპორტი ამჟამად არ მუშაობს, მამაკაცთან კი პოლიციელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს – მასთან ერთად მანქანაში მისი ოთხი წლის შვილიცაა.

მედიის ცნობით, აეროპორტში კაცი გუშინ, ადგილობრივი დროით 20:12-ზე შეიჭრა, რამდენიმე გასროლა განახორციელა და ავტომობილი თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავთან შეაჩერა.

გაზეთ „ჰამბურგერ მორგენპოსტის“ ინფორმაციით, კაცი ითხოვს, რომ მას და 4 წლის შვილს თურქეთში გაფრენის საშუალება მისცენ. არსებული ცნობებით, იგი მეუღლესთან შვილის მეურვეობაზე დავობს – აეროპორტში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, მის ყოფილ მეუღლეს პოლიციისთვის შვილის გატაცების შესახებ შეუტყობინებია და უთქვამს, რომ ისინი აეროპორტის მიმართულებით მიდიან.

სამართალდამცავებს იმედი აქვთ, რომ პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი მოლაპარაკებებით მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი