გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, მას შემდეგ რაც 4 ნოემბრის ღამით შეიარაღებული მამაკაცი ავტომობილით შეიჭრა საფრენ ბილიკზე.

განახლება, 19:33, 5 ნოემბერი: მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა.

აეროპორტი ამჟამად არ მუშაობს, მამაკაცთან კი პოლიციელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს – მასთან ერთად მანქანაში მისი ოთხი წლის შვილიცაა.

მედიის ცნობით, აეროპორტში კაცი გუშინ, ადგილობრივი დროით 20:12-ზე შეიჭრა, რამდენიმე გასროლა განახორციელა და ავტომობილი თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავთან შეაჩერა.

გაზეთ „ჰამბურგერ მორგენპოსტის“ ინფორმაციით, კაცი ითხოვს, რომ მას და 4 წლის შვილს თურქეთში გაფრენის საშუალება მისცენ. არსებული ცნობებით, იგი მეუღლესთან შვილის მეურვეობაზე დავობს – აეროპორტში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, მის ყოფილ მეუღლეს პოლიციისთვის შვილის გატაცების შესახებ შეუტყობინებია და უთქვამს, რომ ისინი აეროპორტის მიმართულებით მიდიან.

სამართალდამცავებს იმედი აქვთ, რომ პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი მოლაპარაკებებით მოხდება.