ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალ ოფისში 17,8 მილიონი დაიხარჯება

3 ნოემბერი, 2023 • 1187
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალ ოფისში 17,8 მილიონი დაიხარჯება

2023 წლის 2 ნოემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის გამოგზავნილ რელიზში.

სათავო ოფისის არქიტექტურული პროექტი უკვე მზადაა. შენობა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე აშენდება და მისი ღირებულება 17 850 000 ლარი იქნება. მშენებლობის დასრულების თარიღად უწყებაში 2 წელიწადს ასახელებენ.

უწყების ცნობით, ამჟამინდელი ნაქირავები ოფისი, რომელიც წელიწადში 700 000 ლარი ჯდება, ვეღარ აკმაყოფილებს სამსახურის მოთხოვნებს.

„ფართის სიმცირისა და შენობის კონფიგურაციის გათვალისწინებით, შენობა ვერ პასუხობს საგამოძიებო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს, რაც საგამოძიებო პროცესს აფერხებს, შეუძლებელს ხდის გამომძიებლების რიცხოვნობის გაზრდას და სამსახურის განვითარებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ახალი ოფისი:

„აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობის და დროებითი დაკავების ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე“.


გარეკანის ფოტოზე: უწყების ახალი ოფისის რენდერი

მასალების გადაბეჭდვის წესი