ახალი ამბები

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი ისრაელის მხარდაჭერაზე, თუმცა მასში უკრაინაზე არაფერია ნათქვამი

3 ნოემბერი, 2023 • 1249
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი ისრაელის მხარდაჭერაზე, თუმცა მასში უკრაინაზე არაფერია ნათქვამი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ისრაელს 14 მილიარდი დოლარის დახმარება გამოეყოფა, თუმცა უკრაინაზე არაფერია ნთქვამი, იტყობინება „სი-ენ-ენი“.

უკრაინისა და ისრაელის დახმარების გამიჯვნა და მათზე ცალკე-ცალკე ხმის მიცემა ახალი სპიკერის, მაიკ ჯონსონის ინიციატივა იყო რესპუბლიკელთა ფრაქციის დიდი ნაწილის მხარდაჭერის ფონზე. თუმცა ჯონსონი პირობას დებდა, რომ აშშ „არ მიატოვებს უკრაინას“.

მხარი ისრაელის დახმარების პაკეტს 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 196 იყო წინააღმდეგი. მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილისთვის კანონპროექტის მთავარი პრობლემა სწორედ უკრაინისთვის დახმარების არგამოყოფა იყო.

მიუხედავად პალატის მხარდაჭერისა, კანონპროექტის საბოლოო მიღება ფაქტობრივად გამორიცხულია – მან ჯერ სენატის ბარიერი უნდა გადალახოს, სადაც ორივე პარტიის ლიდერი კანონპროექტის ამ ფორმით მიღებას არ უჭერს მხარს. სენატის ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი