ახალი ამბები

„პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ“ – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი

27 ოქტომბერი, 2023 • 1587
„პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ“ – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი

წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, აშშ „უკრაინას არ მიატოვებს“. ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსზე“, ჟურნალისტ შონ ჰენითისთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჯონსონი გუშინ, 26 ოქტომბერს აირჩიეს პალატის სპიკერად. „ამერიკის ხმა“ მას უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგედ ახასიათებს. ჯონსონს ხმაც კი მიუცია უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ.

„პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ. არ მჯერა, რომ იგი იქ გაჩერდება“, – ციტირებს მას AP. თუმცა ჯონსონმა იქვე აღნიშნა, რომ აშშ ჯერ ისრაელს უნდა დაეხმაროს.

ჯონსონი უკვე გამოვიდა ინიციატივით, აშშ-ის კონგრესში უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტები ცალ-ცალკე გავიდეს კენჭისყრაზე. მაშინ, როცა ისრაელისთვის ფულადი დახმარების გამოყოფას კონგრესის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს, უკრაინის დახმარების მომხრეები შედარებით ნაკლებად არიან და ცალ-ცალკე გატანის შემთხვევაში, კიევისთვის დახმარების გამოყოფა შეიძლება, ჩავარდეს.

„ამერიკის ხმა“ მისი არჩევის შემდეგ წერდა, რომ ახალი სპიკერი უკრაინისთვის დახმარების გაგზავნის წინააღმდეგია და ამბობს, რომ სჯობს ეს თანხა ქვეყნის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის, საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად დაიხარჯოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი