ახალი ამბები

ბაიდენი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომლითაც უკრაინა დახმარებას ვერ მიიღებს

1 ნოემბერი, 2023 • 1893
ბაიდენი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომლითაც უკრაინა დახმარებას ვერ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ არა — უკრაინისას, იტყობინება „როიტერსი“.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ახლა წარმომადგენელთა პალატაში განიხილება რესპუბლიკელთა ინიციატივით და ისრაელისთვის $14.3 მილიარდის მიცემას ითვალისწინებს, თუმცა პაკეტში გათვალისწინებული არ არის უკრაინის დახმარება. რადგან წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ, მოსალოდნელია, რომ ისინი კანონპროექტის მიღებას მოახერხებენ.

ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის განცალკავება წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერის, მაიკ ჯონსონის მოთხოვნა იყო.

პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივა ეხებოდა მთლიანობაში $106 მილიარდის გამოყოფას — ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ისრაელს, უკრაინას, ჩინეთთან კონკურენციას და აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას.

წარმომადგენელთა პალატამ რომც მიიღოს კანონპროექტი, სენატში მისი გასვლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია – სენატს დემოკრატები აკონტროლებენ, მათი ლიდერი ჩაკ შუმერი კი ხაზს უსვამს, რომ ეს კანონპროექტი „არასერიოზულია“. უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოყოფას სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი, მითჩ მაკკონელიც უჭერს მხარს. სენატის ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც, ბაიდენი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

ამასთან ერთად, უკრაინის დახმარების საკითხზე სპიკერ მაიკ ჯონსონს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც შეხვდა. მან აღნიშნა, რომ „კარგი შეხვედრა“ შედგა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ამისდა მიუხედავად, რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე მიიღებენ სადავო კანონპროექტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი