ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკომისიამ ყარაბაღელი დევნილებისთვის დამატებით 1.7 მილიონი ევრო გამოყო

2 ნოემბერი, 2023 • 1277
ევროკომისიამ ყარაბაღელი დევნილებისთვის დამატებით 1.7 მილიონი ევრო გამოყო

ევროკომისიამ სომხეთს დამატებით გამოუყო  დაახლოებით 1.7 მილიონი ევრო იმ სომეხი მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც აზერბაიჯანის შეტევის შემდეგ მთიანი ყარაბაღი დატოვა.

ახალი დაფინსება, ევროკომისიის ინფორმაციით, მოხმარდება ფულადი, საცხოვრებლებით, ჯანდაცვისა და კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით უზრუნველყოფას. 

ოფიციალური ცნობითვე, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის დასახმარებლად ამ დრომდე უკვე გამოყოფილია 10.45 მილიონი ევრო.

ალიევმა 19 სექტემბრის შემდეგ დაკავებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი, 15 ოქტომბერს მოინახულა და აზერბაიჯანის დროშა აღმართა. ამავე დღეს, თავის გამოსვლაში, ალიევმა განაცხადა, რომ ზოგიერთი შუამავალი ცდილობდა ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზები ეპოვა და “კონფლიქტი სამუდამოდ გაეყინა”.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.

19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი