ახალი ამბები

„არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლებს მოავლენენ“ — კოალიციამ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა

1 ნოემბერი, 2023 • 762
„არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლებს მოავლენენ“ — კოალიციამ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამეს.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, აშშ-ის დედაქალაქში გაიმეორეს გზავნილი, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„აშშ ფორმალურად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა აშშ არის ალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ საუბრების, რომელიც წინ უსწრებს გადაწყვეტილებას“, — თქვა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო მომავლის წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და გრძელვადიანი დამკვირვებლების მნიშვნელობას.

„მივიღეთ პირობა, რომ ამ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში. შეხვედრები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც, როგორც წესი, არიან მსგავსი სადამკვირვებლო მისიების ორგანიზატორები — IRI, NDI და USAID, რომელიც უპრეცედენტო პუტინისტური თავდასხმის მსხვერპლი გახდა რუსული ოცნების მხრიდან და მივიღეთ დაპირება, რომ აუცილებლად ძალიან ბევრი გრძელვადიანი დამკვირვებლები იქნებიან საქართველოსთვის“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ამერიკელებს ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„დასავლეთიდან უყურებენ ორ მთავარ განზომილებას — ან ხარ გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი რეგიონული და სამხედრო გავლენებით, როგორცაა შუა აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა, ან თანხვედრაში ხარ შენი დემოკრატიული ფასეულობებით, ან ორივე ერთად. საქართველოს შემთხვევაში ორივე ამ განზომილებით ავცდით იმ სულისკვეთებას. ჩვენ ვარწმუნებთ კოლეგებს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, როგორც დემოკრატიული ფასეულობების, ისე გეოპოლიტიკური სტრატეგიული მიმართულებით, საქართველო დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რომელზეც ის როგორც წინა ორი ათეული წლის განმავლობაში იყო“, — განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილის ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებით, აშშ-ში კითხვები ჰქონდათ, თუ რატომ ხდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის კომუნისტური პარტია.

„ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ ზუსტად დააკონკრეტა ყველასთვის დასავლეთში, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას“, — დასძინა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ენმ-ის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ში შეხვედრები გამართეს USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკისთან, კონგრესმენებთან: რობერტ ადერჰოლტთან, ლინდა სანჩესთან და მაიკ ტერნერთნ; სენატორების, ბენ კარდინის და ეიმი კლობუჩარის ოფისებთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრებმა ასევე შეხვედრები გამართეს Heritage Foundation-თან და ემიგრანტებთან ნიუ-იორკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი