ახალი ამბები

„სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, უსაფუძვლოა“ — დავითაშვილი ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა

31 ოქტომბერი, 2023 • 2921
„სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, უსაფუძვლოა“ — დავითაშვილი ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა  ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა.

დავითაშვილის თქმით, ჩინეთში გამართულ ფორუმზე პარტნიორი ქვეყნის პატივისცემიდან გამომდინარე და დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის დაცვით მოქმედებდა და აცხადებს, რომ „სკანდალი, რომლის შექმნასაც ხელოვნურად შექმნილი კადრებით ცდილობენ — უსაფუძვლოა“:

„ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი.თუმცა. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია და სპეკულაციები.

ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციის სხვა წევრების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ზუსტად ამაზეა საუბარი, ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის ზუსტად მონტაჟი. ამიტომ, ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლის დაცვა“, — აცხადებს ლევან დავითაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

18 ოქტომბერს ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. ამის შესახებაც ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს გაავრცელა.

ბანკეტის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მსხდომი სტუმრები, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინი და ლევან დავითაშვილიც არიან.

ამასთან, ფორუმიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც დაბალი გარჩევადობისაა, ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას, სავარაუდოდ, ლევან დავითაშვილი ჩინეთში საქართველოს ელჩთან,  არჩილ კალანდიასთან ერთად უსმენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი