ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქართულ მხარეს ხორცის გატანა უნდა აიკრძალოს

30 ოქტომბერი, 2023 • 13671
ცხინვალელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქართულ მხარეს ხორცის გატანა უნდა აიკრძალოს

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი აცამაზ ქასაევი აცხადებს, რომ ახალგორიდან ინტენსიურად გააქვთ ხორცი საქართველოში, “იმ დროს, როდესაც ცხინვალში ხორცი რუსეთიდან შედის”.

“ჩვენ ზაზა დრიაევთან [დე ფაქტო დეპუტატი] განვხილეთ ეს საკითხი და ვფიქრობ, საჭიროა აიკრძალოს ხორცპროდუქციის საქართველოში გატანა. ამ დრომდე არანაირი ზომა არაა მიღებული”.

ასევე, სხვა [დე ფაქტო] დეპუტატი ალან თადტაევი მიიჩნევს, რომ “ხელისუფლების დადგენილებით უნდა აიკრძალოს საქართველოში ხორცპროდუქტების გატანა”.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, თავად ახალგორში [2008 წელს ოკუპირებული] ხორცი ადგილობრივი წარმოებისაცაა და რუსეთიდანაც შედის, გაყინულ მდგომარეობაში. ხორცის საშუალო ფასი ახალგორში 14-15 ლარია.

გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა აცამაზ ქასაევმა დე ფაქტო პარლამენტი სხდომაზე ისაუბრა ვლადიკავკაზსში გამართული მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც “რუსეთ-საქართველოს საქმიან საბჭოს” შეეხებოდა და რომელზეც განიხილებოდა ინიციატივა საქართველოსთან მიმოსვლის გახსნაზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით.

“ოფიციალურ ცხინვალს ამ საკითხზე არ ჰქონია რაიმე განცხადება. და თუკი ჩვენ ვართ დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ასეთი საკითხები ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილება, მაშინ ჩვენი საპასუხო რეაქციაც შესაბამისი უნდა იყოს”.

აღნიშნულ საკითხზე მას უპასუხეს, რომ ვლადიკავკაზში გაკეთებული განცხადება კერძო პირს ეკუთვნოდა და არანაირი საფუძველი არ აქვს ოფიციალურ დონეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი