ახალი ამბები

საია: მარტის აქციებზე დემონსტრანტებს უმეტესად აკავებდნენ შემთხვევითობის პრინციპით

30 ოქტომბერი, 2023 •
საია: მარტის აქციებზე დემონსტრანტებს უმეტესად აკავებდნენ შემთხვევითობის პრინციპით

საიამ წარადგინა 7-9 მარტის აქციების დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიში – „ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ“.

ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

კერძოდ, საიას შეფასებით, აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა განხორციელდა არაერთგზის ჩარევით ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად.

ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით.

საიას შეფასებით, მარტის აქციების დროს ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებსაც.

ანგარიშის თანახმად, 7-8 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პარალელურად, გამოვლინდა აქციის მონაწილეთა მასობრივი უკანონო დაკავების, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათ მიმართ ძალადობის ფაქტებიც.

საიას შეფასებით, მარტის აქციებზე დემონსტრანტებს უმეტესად აკავებდნენ შემთხვევითობის პრინციპით, კერძოდ – არა კონკრეტულ სამართალდამრღვევ პირებს ინდივიდუალურად, არამედ ხშირად მათაც, ვინც აქციის დაშლის ოპერაციისას, უბრალოდ, „ხელში მოჰყვებოდათ“.

მაგალითად, საიას მიერ გამოკითხული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, რომ დაკავებამდე ფეხზე წამოაყენა ძირს დავარდნილი პოლიციელი, შემდეგ დაეხმარა ძირს დაცემულ სხვა ქალბატონსაც, რა დროსაც: „უეცრად ხელი მომკიდეს (პოლიციელებმა) და გამათრიეს. ვერ ვხვდებოდი დაკავების მიზეზს. რომ მეყვირა ან მეუზრდელა, შეიძლება ამის გამო გასჩენოდათ ჩემი დაკავების სურვილი, მაგრამ მსგავსი რამ არ ყოფილა. რაიმე ფორმალური მიზეზიც კი არ ჰქონდათ დაკავების. უბრალოდ, ადამიანები დაგვაკავეს, რომ შევეშინებინეთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საისთვის  მიწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 7-8 მარტს ადმინისტრაციული წესით 146 პირი დააკავეს.

საიას განცხადებით, კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

„რაც გამოიხატებოდა მათ შორის: 1. დაკავების დროს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში; 2. გადაყვანის დროს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. მაგალითად, ერთ-ერთს პოლიციელმა შეაფურთხა კიდეც. ასევე, წყაროებზე დაყრდნობით იკვეთება ძალის გამოყენების მუქარაც. გამოვლინდა ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობა. დამატებით, არასათანადო მოპყრობას შეიძლება გაუტოლდეს ე.წ. ხამუთის (ცალუღის) მჭიდროდ დადების პრაქტიკაც, ვინაიდან მჭიდროდ დადებულმა ხელბორკილმა, შესაძლოა, გამოიწვიოს შეშუპება, დალურჯება, სიწითლე, ხელის დაბუჟება და სხვა ნერვული დაზიანება, რამაც კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება მიაღწიოს არასათანადო მოპყრობის ხარისხს“, – ვკითხულობთ საიას ანგარიშში.

ანგარიშს თაან ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პარლამენტსა და სასამართლოს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი