ახალი ამბები

გაეროს რეზოლუცია ღაზაში სასწრაფო ჰუმანიტარული ზავისკენ მოუწოდებს

28 ოქტომბერი, 2023 • 1877
გაეროს რეზოლუცია ღაზაში სასწრაფო ჰუმანიტარული ზავისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს დაუყოვნებელი და გრძელვადიანი ჰუმანიტარული ზავისკენ ღაზაში.

რეზოლუცია ასევე ითხოვს სასიცოცხლო მარაგებისა და სერვისების „უწყვეტ და შეუფერხებელ“ მიწოდებას ანკლავის შიგნით ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, როცა ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაციები და გააძლიერა მისი დაბომბვის კამპანია.

რეზოლუცია, რომელიც იორდანიის მიერ იყო ინიციირებული, ასევე გმობს ძალადობის ყველა აქტს „პალესტინელი და ისრაელელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, მათ შორის ყველა „ტერორისტულ და განურჩეველ თავდასხმას“.

რეზოლუცია მოუწოდებს ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების „დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებისკენ“.

რეზოლუციაში ნახსენები არ არის კონკრეტულად „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე, რომლის დროსაც 1400 ადამიანი დაიღუპა. კანადის მიერ ინიციირებულ შესწორებას, რომელიც 7 ოქტომბრის ტერაქტებისა და მძევლების აყვანის დასახელებას ითხოვდა, ჩავარდა, რადგან ვერ მოიპოვა საჭირო ორი მესამედი.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 120-მა ქვეყანამ, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 45-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა. საქართველომ თავი შეიკავა.

გენერალური ასამბლეის რეზოლუციას არ აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა.

ისრაელმა ღაზაში სახმელეთო მოქმედებების გაფართოების შესახებ განაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი