ახალი ამბები

ანაკლიიდან 4-კმ-ში მესამე კვირაა, რუსული ბაზისთვის მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს — DRI

26 ოქტომბერი, 2023 • 2581
ანაკლიიდან 4-კმ-ში მესამე კვირაა, რუსული ბაზისთვის მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს — DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, რომელიც ანაკლიიდან 4 კილომეტრში მდებარეობს, მესამე კვირაა, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც DRI-ის შეფასებით ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ამასთანავე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არ არის საკმარისი და სახელმწიფო უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ DRI-იმ განცხადება დღეს, 26 ოქტომბერს გაავრცელა.

“ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსება ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.

იმ მოცემულობაში, როდესაც მტრული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას, საქართველოს ხელისუფლებამ, სულ მცირე, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  • საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ ინიციირებული რეზოლუცია „რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ“;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზაცია საკითხის მნიშვნელობის გარშემო”, — ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ. ბაზის შესაძლო განთავსების რისკებსა და მიზეზებზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი