ახალი ამბები

„პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ — „ოცნება“ დაგეგმილმა დისკუსიამ შეაშფოთა

24 ოქტომბერი, 2023 • 3068
„პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ — „ოცნება“ დაგეგმილმა დისკუსიამ შეაშფოთა

„პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ — ასე ჰქვია თბილისში დაგეგმილ დისკუსიას, რომლის მხოლოდ სათაურიც კი მმართველ პარტიის ლიდერებისთვის „შემაშფოთებელია“.

დისკუსია გამოცემა „ინდიგოს“ ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 31 ოქტომბერს თბილისში, გ.ახვლედიანის 10-ში, 19 საათზე უნდა გაიმართოს. დისკუსია გაიმართება ჟურნალ „ინდიგოს“ მორიგი ნომრის პრეზენტაციის შემდეგ. ჟურნალის ეს ნომერი საქართველოში XX-XXI საუკუნეების პროტესტების ანალიზს ეთმობა. ჟურნალი წიგნის მაღაზიებში 25 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცა, ჯერ კიდევ ჟურნალის გამოსვლამდე, მხოლოდ ღონისძიების სათაურზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უკვე დაიწყეს შეთქმულების თეორიების აგება, რაშიც სამთავრობო მედიასაშუალებებს იყენებენ.

დილიდან არაერთმა სამთავრობო მედიასაშუალებამ გააშუქა „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია ჟურნალ „ინდიგოს“ ახალ ნომერთან და დაგეგმილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

„[დისკუსიის] სათაური უკვე შემაშფოთებელია. როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და როცა ეს ხდება, მით უმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული, ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მსგავსი შინაარსის კომენტარი მის,ა მედიას „ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

რაზე იქნება დისკუსია

ღონისძიების ანონსის მიხედვით, მსჯელობა XX-XXI საუკუნის საქართველოში არსებული პროტესტისა და წინააღმდეგობის შესახებ გაიმართება.

„ყოველ წინააღმდეგობას ორი დიდი და მოულოდნელი მტერი ჰყავს – დაღლა და ფრუსტრაცია, რადგან წინააღმდეგობა სრულ მობილიზაციას გთხოვს და მას მთლიანად უნდა მიუძღვნა თავი. ძალაუფლება კი, რომელსაც უპირისპირდები, მოულოდნელი დაბრკოლებებით გამუდმებით გფიტავს. ძალაგამოცლილს სასოწარკვეთა გეუფლება და ჩერდები. წინააღმდეგობაში ყოფნის მთავარი გაკვეთილიც ესაა: რამდენის გაძლება შეუძლია შენს ფსიქიკასა და სხეულს. Მეორეა – რამდენი ნაბიჯის იქით დაინახავ სივრცეს? შორი ჰორიზონტების წარმოდგენაც თუ შეგიძლია?“ – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ორგანიზატორების თანახმად, 31 ოქტომბერს დაგეგმლი შეხვედრაზეც ავტორებთან ერთად კიდევ ერთხელ დაისმება კითხვა — რა აჩერებდა პროტესტს და წინააღმდეგობას XX-XXI საუკუნის საქართველოში.

მათ თანახმადვე, დისკუსია სამი მიმართულებით გაიშლება:

  • XX საუკუნის პროტესტები
  • რუსთაველის 8 ნომერი – ადგილის მეხსიერება
  • პროტესტის ქორეოგრაფია“

მასალების გადაბეჭდვის წესი