ახალი ამბები

ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად იქნება – დავითაშვილი

23 ოქტომბერი, 2023 • 1185
ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად იქნება – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი “მხოლოდ კარგ საქმეს აკეთებს” და ამიტომ მასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად იქნება.

ასე უპასუხა ლევან დავითაშვილმა კითხვას, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საფრთხესთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ფონდ ქართუს“ შემომწირველი კომპანიის მფლობელი აშშ-მა დაასანქცირა.

„არ ვიცი, რაზე საუბრობთ, არ მაქვს ეს ინფორმაცია. მეორე მხრივ, ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ნორმალურად, კარგად, რადგან ეს ადამიანი მხოლოდ კარგ საქმეს აკეთებს და, შესაბამისად, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ნუ ღელავთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აშშ-ის მიერ სანქცირებული უცხოური კომპანია ფლობს შპს-ს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტური გამოძიება ამის შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გამოაქვეყნა.

2023 წლის 12 აპრილის სანქციების სიაში მოხვედრილია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია LEDRA TRUSTEES LIMITED, რომელიც, „პანდორას დოკუმენტების“ თანახმად, ფლობს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორს KRISTA INVESTMENTS LIMITED.

ეს უკანასკნელი საქართველოში, 2021 წლის მდგომარეობით, იყო შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუს“ მფლობელი. 2021-ში ამ კომპანიის მფლობელი გახდა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე. გარდა ამისა KRISTA INVESTMENTS LIMITED ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შემომწირველი იყო. დეპუტატ ირაკლი აბესაძის გამოთხოვილი დოკუმენტების თანახმად, 2018-19 წლებში KRISTA INVESTMENTS LIMITED-მა ფონდს 27 მილიონ ლარზე მეტი შესწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი