საზოგადოება

მოსკოვში 3+3 შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო აღმართული

13 დეკემბერი, 2021 •
მოსკოვში 3+3 შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო აღმართული

10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა „3+3 ფორმატის“ პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველო არ დასწრებია. საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ამის მიუხედავად, შეხვედრაზე, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად, საქართველოს დროშაც იყო აღმართული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე მოწვეულნი იყვნენ“:

„ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება, რომ პლატფორმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს საქართველომ, რომლისთვისაც „კარი“ ღია რჩება“.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, „დისკუსიის შედეგები ქართულ მხარესაც ეცნობება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 დეკემბერს, შეხვედრის დაწყებამდე, „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ განიხილავენ:

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და, შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“.

„ნეტგაზეთი“ 13 დეკემბერსაც დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი კითხვით დროშასთან დაკავშირებით – როგორ შეაფასებენ ამ ფაქტს და გეგმავენ თუ არა რაიმე სახის რეაგირებას. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება:

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატში ამბობენ, რომ მოსკოვში 3+3 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშის გამოყენება „მიუღებელია“.

„10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, – წერია საგარეო უწყების კომუნიკაციის დირექტორატის გავრცელებულ კომენტარში.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას“, – ამბობენ უწყებაში.

3+3 ფორმატის შესახებ

მთიან ყარაბაღში 2020 წლის კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“.

ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს, – საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

საქართველომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება და რეგიონის ქვეყნებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს – დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე რუსეთთან ერთად, თუმცა „დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ წარმოდგენილი“.

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.


გარეკანის ფოტო: ირანის საგარეო უწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი