ახალი ამბები

როგორც ჩანს, ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება — პაპუაშვილი

20 ოქტომბერი, 2023 •
როგორც ჩანს, ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება — პაპუაშვილი

პარლამენტის თავდჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ სანქცირებული და რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის „თემა“, სავარაუდოდ, მალე დაიხურება.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ამის მიზეზი ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობაა. მისი თქმით, მტკიცების ტვირთი ამერიკულ მხარეზე იყო და ფარცხალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებებიც მათ უნდა წარმოედგინათ, რადგან ბრალს სწორედ ისინი უყენებდნენ.

„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ, პროკურატურამ მიმართა იუსტიციის დეპარტამენტს, ცალკე მიმართვა იყო სხვა უწყებებზე, მათ შორის, სუს-ის მხრიდან იყო მიმართვები. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის საჯაროდაც, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს.

აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. აშშ ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძეს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სუს-ში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე სუს-ში გამოიკითდა და მან საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი