ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

19 ოქტომბერი, 2023 • 1264
“ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას საკითხთან დაკავშირებით.

“ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით;

გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით;

ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება”.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.

ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.

დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი