ახალი ამბები

იმპიჩმენტის პროცედურა აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს – TI

18 ოქტომბერი, 2023 • 1029
იმპიჩმენტის პროცედურა აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს პროცესი არის მმართველი პარტიის “სადამსჯელო” ღონისძიება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

“მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს,  მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია.

იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა, ამ პროცესის საბოტაჟის მცდელობად იქნას აღქმული, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მმართველ ძალას მიტაცებული აქვს თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დეპუტატებს მოუწოდებს, “იმოქმედონ ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად” და მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ამ წუთებში პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი განიხილება.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. დასკვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. „ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი