ახალი ამბები

კობახიძე პრეზიდენტს შესაძლო სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს

18 ოქტომბერი, 2023 • 1066
კობახიძე პრეზიდენტს შესაძლო სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „კონსტიტუციის მორიგი დარღვევის“ შემთხვევაში პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.

როგორც კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას.

„ხვალაც დაარღვევს, რა შეუშლის ხელს? „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავაც აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლისსამართლებრივი გამოძიება… მე არ ვიცი, ახლა სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, თუმცა მე გამჭირდება ამაზე საუბარი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მიერ პროკურატურის ხსენებას გამოეხმაურა თავად სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ მას ვერ შეაშინებენ.

„მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მე, მის შთამომავალს, როგორც გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს, ეს ქვეყანა მივატოვო? ამის იმედი ნუ გექნებათ“, — მიმართა პრეზიდენტმა მმართველ გუნდს.

დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი განიხილება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასკვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. „ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი