ახალი ამბები

„პატარა კაცები უწოდეთ ადამიანებს, რომლებიც ბილბორდებზე ჩაგენაცვლნენ“ — კობახიძე

18 ოქტომბერი, 2023 • 998
„პატარა კაცები უწოდეთ ადამიანებს, რომლებიც ბილბორდებზე ჩაგენაცვლნენ“ — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო ხშირად არღვევს ეთიკის წესებს და „ზრდილობას გაცდენილ“ განცხადებებს აკეთებს.

„პარლამენტშიც მივალ და, სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომაზე დასწრების შესახებ.

სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა მერე შეიწყალა“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც არ შეიძლება „ღირსეული ქართველის ყოფნა“ — კოლექტიურ ნაცმოძრაობაში.

„პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს… ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები. რატომ? — იმიტომ, რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი. პატივი ვეცი თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ. ხალხმა თქვენ აგირჩიათ სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს — ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის“, — თქვა კობახიძემ.

კობახიძე აღიარებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებულ სალომე ზურაბიშვილთან მმართველ გუნდს ჰქონდა წინასწარი კონსულტაციები და „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა მის გასამარჯვებლად. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმას, რისთვისაც ხალხმა აირჩია და შეიწყალა კრიმინალი ნაციონალები.

„არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან არის დაპირისპირებული და რეგულარულად გადის ზრდილობის ზღვარს მიღმა. ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ის თავად გადადგებოდა“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს, არამედ „ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად“.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ესმის, რომ დღეს არ შედგება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, თუმცა ის დარჩება ფორმალურ პრეზიდენტად.

„სალომე ზურაბიშვილი სალომე სამადაშვილამდე დავიდა“, — თქვა კობახიძემ.

“ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა – პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი