ახალი ამბებისამართალი

12 წლის ანას საქმეში მტკიცებულებების დაზიანება ექსპერტის ბრალია – უფლებები საქართველო

11 ოქტომბერი, 2023 •
12 წლის ანას საქმეში მტკიცებულებების დაზიანება ექსპერტის ბრალია – უფლებები საქართველო

ორგანიზაციაში – “უფლებები საქართელო” აცხადებენ, რომ მარტში დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა ანუშაიტიტეს საქმეში ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება. საუბარია ბიოლოგიური ექსპერტიზისას ამოღებული მტკიცებულებების დაზიანებაზე, რომლებსაც ბავშვის გარდაცვალების საქმეში მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვეთა შეეძლო.

“საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ მტკიცებულებების დაზიანების შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს გაავრცელა. “უფლებები საქართველოში” ამბობდნენ, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ამოღებული მასალების შენახვის წესის დარღვევის გამო გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

“საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.


17 მარტს, დიდ დიღომში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 12 წლის გოგო იმავე უბანშიგარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შესაძლოა, 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს – „უფლებები საქართველო“

მასალების გადაბეჭდვის წესი