ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი ოპოზიციაში ყოფნისას 1% იყო

17 ოქტომბერი, 2023 • 978
ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი ოპოზიციაში ყოფნისას 1% იყო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება არ უხარია და არ სურს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევი იყოს.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო სხვა საჯარო მოხელეებისა თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, თუმცა თავად უხეშად და არაერთგზის დაარღვია ქვეყნის უზენაესი კანონი:

“მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე“, — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზეც დაუსვეს კითხვები. პრემიერს ჰკითხეს, ხომ არ ეშინია, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაში მოვა.

ღარიბაშვილის თქმით, არავინ ნერვიულობს „ვინმეს ოპოზიციონერობაზე“ და თქვა, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციაში ყოფნისას ერთპროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა და პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებითაა:

„მე ყველას შევახსენებ, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთპროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა, როცა იყო ოპოზიციაში. ქართულმა ოცნებამ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად ქართული ოცნების რეიტინგის დამსახურებით“, — აცხადებს ღარიბაშვილი.


საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა  მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ოქტომბერს,  პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი