ახალი ამბები

“არ დაგტოვებთ მარტო” – ონში მიმდინარე პროტესტს ჭიათურელი მაღაროელებიც უერთდებიან

16 ოქტომბერი, 2023 • 1297
“არ დაგტოვებთ მარტო” – ონში მიმდინარე პროტესტს ჭიათურელი მაღაროელებიც უერთდებიან

ონში დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება.

16 ოქტომბრის 12 საათზე პროტესტს ჭიათურელი მაღაროელები შეუერთდნენ.

“სანამ ეს პრობლემა ისე არ მოგვარდება, როგორც რაჭველ ხალხს სურს, ისე, როგორც თქვენს მამა-პაპას უნდოდა და დაგიბარეს, სანამ თქვენს სასარგებლოდ არ მოგვარდება, მანამდე აქ ვიდგებით. არასდროს არ გაგიშვებთ ხელს და არ დაგტოვებთ მარტოკინა”, – მიმართა აქციის ჭიათურელმა მონაწილემ ადგილობრივებს.

აქციის დაწყების მომენტიდან მონაწილეები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან შეხვედრას ითხოვენ და ჯერჯერობით უშედეგოდ ელიან. გუბერნატორის მიმართ მათი ამჟამინდელი მოთხოვნა მხოლოდ თარიღის დაზუსტებაა, როდის შეხვდებიან აქციის მონაწილეები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

“დემოკრატიის სახელს ამოფარებული მონათმფლობელები გვამუშავებენ მონებად. ეს ძალიან დიდი პრობლემა ტრიალებს ჭიათურაში, რასაც ხმალამოღებულები ვებრძვით, მაგრამ ვერაფრით ვეღარ დავიბრუნებთ დანაკარგს. ამიტომ, სანამ თქვენთვის არ არის გვიან, მანამ უნდა ვიბრძოლოთ”, – ამბობს პროტესტის ჭიათურელი მონაწილე.

როგორც ვარლამ გოლეთიანი ირწმუნება, რწმუნებულთან შეხვედრისა და მისგან შეხვედრის თარიღის დაზუსტების შემდეგ აქცია შეწყდება. პროტესტის მონაწილეებმა სავალი გზა გადაკეტეს. ამან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება არაერთხელ დაძაბა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც არაერთხელ გადაიზარდა. პროტესტის მონაწილეები პოლიციელებს მოუწოდებენ, რომ “მათ გვერდით დადგნენ ან გვერდით გადგნენ”.

რაჭაში დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის სამონადირეო 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობამ პროტესტი 27 სექტემბერს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი