ახალი ამბები

„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება კობახიძის ამპარტავნობის დაკმაყოფილებას ემსახურება“ – ლომჯარია

16 ოქტომბერი, 2023 • 938
„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება კობახიძის ამპარტავნობის დაკმაყოფილებას ემსახურება“ – ლომჯარია

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს „მორჩილი გადაწყვეტილება [პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე]“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამპარტავნობის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.

ლომჯარიას თქმით, სხვა მიზანი პროცესს ვერ ექნებოდა, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ – „რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო“. სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“, – წერს ლომჯარია ფეისბუქ-გვერდზე.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ოქტომბერს, გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი