ახალი ამბები

ლევან მაისაშვილი რაგბის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

15 ოქტომბერი, 2023 • 1430
ლევან მაისაშვილი რაგბის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ცნობას რაგბის კავშირი ავრცელებს.

რაგბის კავშირის თანახმად, მაისაშვილის შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება.

“გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას”, – ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

მაისაშვილის გადადგომას წინ უსწრებდა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, სადაც საქართველომ ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი დააფიქსირა.

“მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები”, – განაცხადა მაისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი