ახალი ამბები

ისრაელი: ღაზაში “მნიშვნელოვან ოპერაციას” სამოქალაქოების გასვლის შემდეგ დავიწყებთ

15 ოქტომბერი, 2023 • 1301
ისრაელი: ღაზაში “მნიშვნელოვან ოპერაციას” სამოქალაქოების გასვლის შემდეგ დავიწყებთ

ისრაელი ღაზაში “მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს” მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დარწმუნდება, რომ ის სამოქალაქო პირებმა დატოვეს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს.

“აიღეთ თქვენი ნივთები და სამხრეთისკენ წადით. შეინარჩუნეთ სიცოცხლე და არ მოხვდეთ იმ ხაფანგში, რომელიც ჰამასმა დააგო”, – მიმართა ისრაელელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჯონათან კონრიკუსმა ღაზის სექტორის მცხოვრებლებს.

დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს ღაზის იმ ნაწილში, საიდანაც ისრაელი პალესტინელებს გადაადგილებისაკენ მოუწოდებს.

7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა [„ცაჰალი“] დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა და უკანასკნელი ცნობებით, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე, ცნობილია 2200-ზე მეტ დაღუპულ პალესტინელზე. 1300-ზე მეტი პირი დაიღუპა ისრაელში. „ცაჰალმა“ მოუწოდა ჩრდილოეთ გაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს, ტერიტორიის სამხრეთში გადავიდნენ, რათა სამხედრო ოპერაციების არეალში არ მოყვნენ.

ღაზის სექტორი მცირე, დაახლოებით თბილისის ფართობის ნახევარი ტერიტორიაა, რომელშიც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ხმელეთიდან სრულ ბლოკადაშია. ერთადერთი გასასვლელი ღაზიდან ეგვიპტის საზღვარზეა, თუმცა იქ მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ვერ ახერხებს სათანადოდ ოპერირებას დაბომბვის გამო. ჩვეულ რეჟიმშიც, ამ პუნქტზე გადასვლისთვის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი