ახალი ამბები

„ლიბერთი ყველა საგრანტო გადმორიცხვას გვიბლოკავს“ – გელა მთივლიშვილი

14 ოქტომბერი, 2023 • 2614
„ლიბერთი ყველა საგრანტო გადმორიცხვას გვიბლოკავს“ – გელა მთივლიშვილი

„მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკი“, რომელშიც ორგანიზაციას ათ წელიწადზე მეტია ანგარიშები აქვს, უკვე ერთი თვეა, „ყველა საგრანტო გადმორიცხვას ბლოკავს“.

„მიმდინარე წლის 12 სექტემბრის შემდეგ, „ლიბერთი ბანკი“ უცხოეთიდან ყველა საგრანტო გადმორიცხვას გვიბლოკავს და უკან აბრუნებს. ასე დაუბლოკავთ ფონდ „ინტერნიუსის“ ორი მცდელობა, როგორმე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6400 $ ჩვენს ანგარიშზე ჩაერიცხათ.

ყურადღებით ვაკვირდებოდით და „ლიბერთი ბანკმა“ გუშინ ჩვენს ანგარიშზე ასევე არ ასახა ევროკავშირის პროგრამის მიერ, საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის გადმორიცხული გრანტის თანხის ნაწილი“, – წერს ჟურნალისტი.

მთივლიშვილის თქმით, ამასთან ერთად, 2023 წლის მარტიდან, როცა ხელისუფლებამ სცადა, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ [რომლის წინააღმდეგაც კამპანიაში „მთის ამბები“ აქტიურად მონაწილეობდა] მიეღო კანონი, „ლიბერთი“ ორგანიზაციისგან ითხოვს გარკვეული ინფორმაციის წარდგენას:

  • ანგარიშზე შესრულებულ ოპერაციებზე;
  • ჩარიცხვის საფუძველი;
  • შესრულებული სამუშაოს აღწერილობა (სად, რა, როდის გავაკეთეთ);
  • კონტრაგენტებთან (თანამშრომლებთან და სხვა დაქირავებულ პირებთან) გაფორმებული ხელშეკრულებები.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ გადმორიცხვების დაბლოკვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტია „განსაკუთრებულად ესხმის თავს [„მთის ამბებს“] შოვის ტრაგედიის გაშუქების გამო“.

„მუშაობს სუსი და პარტია!  რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ეს ყველაფერი ასე გავატაროთ. მომდევნო კვირაში დეტალურად ვისაუბრებთ და მტკიცებულებებსაც გავასაჯაროებთტყუილად უშვებთ, რომ ასე ადვილად მოგვერევით და დაგვახრჩობთ!“, — ამბობს მთივლიშვილი.

„ნეტგაზეთი“ კომენტარისთვის „ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, „ლიბერთის“ წილის 75%-ზე მეტს ფლობს კომპანია „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“, ნიდერლანდების სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით დაფუძნებული და მოქმედი კომპანია, რომლის ბენეფიციარიც, მათ შორის, არის ირაკლი რუხაძე – ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეარხ „იმედის“ მფლობელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი