ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა საფრთხეშია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

22 ივნისი, 2021 • 1186
ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა საფრთხეშია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი EMC] განცხადებას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთან” ერთად სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ გალში დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხის განხილვა 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში.

ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომა, რათა ირაკლი ბებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდეს.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია.

“ირაკლი ბებუას ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც კი ბებუას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს.

ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად მომხდარიყო ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. სხვადასხვა სტრუქტურების და პირების ილუზორული დაპირებების გამო, ირაკლი ბებუას და მის ოჯახს წაერთვა შესაძლებლობა, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომელიც მას საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების მყისიერი დაცვის შესაძლებლობას მისცემდა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არარსებობის მიუხედავად, ქართულ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები, გაატაროს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი პოლიტიკა.

“სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის, მათ შორის, არ არის სათანადოდ დანახული de facto მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რის გამოც, მთლიანობაში, სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული, სუსტი და უფრო რეაქციული რჩება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”; სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”; და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა წაუყენეს.

ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.

დე ფაქტო სასამართლომ მას 9 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი