ახალი ამბები

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს – ბერაია ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

13 ოქტომბერი, 2023 • 2327
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს – ბერაია ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განლაგების დაანონსება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს. ამის შესახებ მან თავდაცვის კომიტეტზე განცხადა.

ბერაის თქმით, აღნიშნული ასევე წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგ უხეშ დარღვევას.

„მინდა, გამოვეხმაურო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი ობიექტის, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსებას. ეს არის როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი უხეში დარღვევა, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რაც აუარესებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ეს კიდევ უფრო მყიფეს ხდის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო სწორედ ამ საზღვრებში იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“, — განაცხადა ირკალი ბერაიამ.


ოკუპირებლ აფხაზეთში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი