ახალი ამბები

პოლიციამ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დააკავა

11 ოქტომბერი, 2023 •
პოლიციამ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მოკლული გოგოს ბიძას ბრალად ედება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. – მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გოგოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა იძულებით ქორწინებაში დარჩენას.

ადრეული ქორწინების მსხვერპლი 14 წლის გოგო „ქმარმა“ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა, რის შემდეგაც დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის 10 ოქტომბერს დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი