პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს.
ბიუეჯეტის პროექტით, 2024 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 24,9%-ია. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.
2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 27,8 მლრდ ლარს.
2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
- სოციალური მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით
- განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე მეტით
- კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი
- თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა; ასევე, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი;
- ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი
- სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 560,0 მლნ ლარზე მეტი
- გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე
- 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წელს გათვალისწინებულია სბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა
- მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.
ამ ეტაპზე პარლამენტში წარმოდგენილია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, რომლის შემდგომაც მთავრობა დეტალურად განიხილავს საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს, გაანალიზდება 9 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შესრულების მაჩვენებლები და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში პარლამენტს კანონპროექტის განახლებული ვერსია წარედგინება.