საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  გავრცელებული პრესრელიზის თანახმად,  დოკუმენტს დუბაიში დღეს  მოაწერეს ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.

სამინისტროს ცნობით, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 10- მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციის 97,5%-ზე და შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. უწყება ვარაუდობს, რომ თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.