7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, მის ძმას კი 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა პოლიციამ 5 ოქტომბერს დააკავა. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბექა გრიგორიადისი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში იყო, სადაც ჩანს, რომ ესაუბრება პოლიციას, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ვიდეო წყდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დააკავეს გრიგორიადისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავეს.

ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტთან შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობდა. აღნიშნული ცვლილებების თანახმადაც იზღუდება აქციაზე კარვებისა და მსგავსი კონსტრუქციების გაშლა.

ლაზარეს მამას, ბექა გრიგორიადისს უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტთან კარავი აქვს გაშლილი და თავისი შვილის პატიმრობას აპროტესტებს, რომელიც მარტის აქციების შემდეგ დააკავეს.