ახალი ამბები

ციხეში პატიმარი გარდაიცვალა — ბადრაგს გულგრილობაში ადანაშაულებენ

10 ოქტომბერი, 2023 •
ციხეში პატიმარი გარდაიცვალა — ბადრაგს გულგრილობაში ადანაშაულებენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორის ბრალეულობა გამოკვეთეს.

უწყების განცხადებით, გამოძიების შედეგად  დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს №10 პენიტენციურ დაწესებულებაში,ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდადებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები“ ,— ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი