ახალი ამბები

რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისში

9 ოქტომბერი, 2023 • 3387
რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისში

თბილისში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინებები შედის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ საბურთალოზე, მარიჯანის ქუჩაზე, მშენებარე ნაგებობის მეორე სართულის კედელი ჩამოინგრა, ჩამოცვენილი ბლოკები კი ადგილზე პარკირებულ მანქანებს დაეცა. უწყების ცნობით, არავინ დაშავებულა.

ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, შეტყობინებები შესულია ხის ტოტების ჩამოცვენასთან დაკავშირებით ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პოლიტკოვსკაიას და ზაქარიაძის ქუჩებზე.

“პოლიტკოვსკაიაზე პარკირებულ მანქანას დაეცა ტოტი, შიგნით არავინ იჯდა და არავინ დაშავებულა. ხის ტოტები დამუშავებულია მაშველების მიერ”, — ამბობენ უწყებაში.

ძლიერ ქართან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:

“ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე.

ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა. თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.

საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222”

გარეკანის ფოტო: Facebook/ჩემი ქალაქი მკლავს

მასალების გადაბეჭდვის წესი