ახალი ამბები

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების გათავისუფლების წესი ღია კენჭისყრით გადაწყდება

9 ოქტომბერი, 2023 •
პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების გათავისუფლების წესი ღია კენჭისყრით გადაწყდება

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ისევ შედის. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

რეგლამენტის პროექტით იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და აღნიშნული გადაწყვეტილებები ღია კენჭისყრით გადაწყდება.

აღნიშნული წესი  გავრცელდება იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის შემთხვევაში კენჭისყრა ფარულის ნაცვლად ღია გახდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები არ უკავშირდება მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. მისი თქმით, რეგლამენტში ცვლილებების შეტანას პარლამენტი დაჩქარებული წესით არ განიხილავს და მათი მიღება ნოემბრის ბოლოს იგეგმება, ხოლო იმპიჩმენტის პროცედურა ოქტომბერშივე უნდა დასრულდეს.

პაპუაშვილის თქმითვე, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები  პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის.

ოპოზიციის ნაწილი კი უმრავლესობის მიერ რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს სწორედ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რეგლამენტში ცვლილებები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით პრობლემა აქვს.

მისი თქმით, ახლა რეგლამენტში ცვლილებებს იმისთვის აპირებენ, „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს არ ჰქონდეს ცდუნება, იმპიჩმენტის პროცესს მხარი არ დაუჭიროს.


5 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა, სადაც მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. დასკვნას სასამართლო კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს პარლამენტს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი