ახალი ამბები

ბავარიის ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენეები და კონსერვატორები იმარჯვებენ

9 ოქტომბერი, 2023 •
ბავარიის ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენეები და კონსერვატორები იმარჯვებენ

გერმანიის ორ ყველაზე დიდ ფედერალურ მხარეში ადგილობრივ არჩევნებში ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მხარდაჭერა მოიპოვა. ამის საპირისპიროდ, ბავარიასა და ჰესენში გამარჯვება მოიპოვეს კონსერვატიულმა და ულტრამემარჯვენე პარტიებმა.

როგორც BBC წერს, წინასწარი მონაცემებით, ჰესენში „ქრისტიანულ-კონსერვატიულმა ერთობამ“ ხმების 34.5% მოიპოვა, ულტრამემარჯვენეებმა პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) კი 18%-იანი მხარდაჭერა მიიღეს, ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

ბავარიაში კი, სადაც კონსერვატიულმა პარტია 1964 წლის შემდეგ ადგილობრივი მთავრობის არჩევნებში ყოველთვის იმარჯვებდა, მიუხედავად ხმათა 36.7%-ის მოპოვებისა, 1958 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. BBC აღნიშნავს, რომ კონსერვატორებს ბავარიის ფედერალურ მხარეში ულტრამემარჯვენეებთან კოალიციის შექმნა მოუწევთ, რომლებმაც არჩევნებში წინასწარი მონაცემებით 15%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს.

რაც შეეხება შოლცის კოალიციას, მასში შემავალმა ორმა პარტიამ, მწვანეებმა და სოციალ-დემოკრატებმა, ხმები 15%-ის ფარგლებში მიიღეს, თავისუფალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი 4.9% მიიღო და სავარაუდოდ, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს იმისათვის, რომ მანდატები შეინარჩუნოს.

არჩევნები ბავარიასა და ჰესენში გუშინ, 8 ოქტომბერს გაიმართა. გუშინდელი კენჭისყრა პირველია საარჩევნო ციკლში. მომავალი ორი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა მხარეში მსგავსი არჩევნები გაიმართება, რომელიც 2025 წელს ეროვნული საპარლამენტო არჩევნებით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი