ახალი ამბები

ისრაელი ადასტურებს, რომ “ჰამასმა” მძევლები აიყვანა

7 ოქტომბერი, 2023 •
ისრაელი ადასტურებს, რომ “ჰამასმა” მძევლები აიყვანა

ისრაელი ადასტურებს, რომ ისლამისტურმა მოძრაობა “ჰამასმა” მძევლად მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ “ჰამასისი” წევრებმა ადამიანები ღაზის სექტორში გადაიყვანეს. მისი თქმით, ბრძოლისას ისრაელელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც არ დაუკონკრეტებია მძევლებისა და დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი.

ჰაგარის განცხადებით, სამხრეთ ისრაელში ამ დროისთვის 22 ადგილას მიმდინარებს ბრძოლები. ამასთან, მან თქვა, რომ ისრაელის ჯარებმა ღაზის საზღვრის ყველა ქალაქს მიაღწიეს.

ბრიფინგზე ჰაგარმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე მყოფ 31 ბატალიონს 4 დივიზიაც შეუერთდა.


7 ოქტომბერს, ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით.

მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

2021 წლის ათდღიანი ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ამ დროისთვის ინფორმაცია ვრცელდება ისრაელში სულ მცირე 100 დაღუპულსა და ასობით დაშავებულზე.

რაც შეეხება ღაზას, ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმის შედეგად 198 პალესტინელის დაღუპვის შესახებ ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია.

შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

“ნეტგაზეთის” არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი