ახალი ამბები

აშშ იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ყველაფერი ჰქონდეს თავდაცვისთვის — ოსტინი

7 ოქტომბერი, 2023 •
აშშ იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ყველაფერი ჰქონდეს თავდაცვისთვის — ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად სჭირდება. მის ამ განცხადებას BBC ავრცელებს.

“ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლების მიმართ ურყევია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ვინც მშვიდობიან მოსახლეობაზე ამ ამაზრზენ თავდასხმას შეეწირა.

უახლოესი დღეების განმავლობაში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს რაც სჭირდება, რათა დაიცვას თავი და მშვიდობიანი მოსახლეობა ამ ძალადობისა და ტერორიზმისგან”, — განაცხადა ოსტინმა.

7 ოქტომბერს, ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით.

მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

2021 წლის ათდღიანი ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ამ დროისთვის ინფორმაცია ვრცელდება ისრაელში სულ მცირე 100 დაღუპულსა და ასობით დაშავებულზე.

რაც შეეხება ღაზას, ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმის შედეგად 198 პალესტინელის დაღუპვის შესახებ ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია.

შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

“ნეტგაზეთის” არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი