ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა დღეს მორიგ აქციას მართავს და ახლომდებარე ნაგავსაყრელის პრობლემის მოწესრიგებას ითხოვს.
უკვე მრავალი წელია, ადგილობრივებს ახლომდებარე ნაგავსაყრელიდან მომავალი სუნი აწუხებთ. როგორც თავად აღნიშნავენ, მათ ყოფას ეს გაუსაძლისს ხდის და ხანდახან ღამით ჩაძინებულებსაც აღვიძებს. ნაგავსაყრელს ექსპლუატაციის ვადა წლების წინ გაუვიდა, მაგრამ ახალი ნაგავსაყრელის მოწყობამდე ქალაქის ნარჩენები ისევ მოქმედ პოლიგონზე იყრება.
განსაკუთრებით მძაფრი სუნის გასაპროტესტებლად მოსახლეობა 5 ოქტომბერსაც სპონტანურად შეიკრიბა. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის სააგენტოს დასავლეთ საქართველოში წარმომადგენელი გამოჩნდა. Მის მიერ ადგილობრივებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტენდერი დასრულებულია და დასახლებული ადგილებისგან მოშორებით შესაბამისი სივრცეც შერჩეულია. თუმცა, მისი თქმით, ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად დაახლოებით ორ-ნახევარი წელია საჭირო.
როგორც მოსახლეობა ამბობს, სააგენტოს წარმომადგენლის სიტყვები მათში დიდ ნდობას არ იწვევს და ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დასახელებული ვადა მოსახლეობასთან შეხვედრიდან შეხვედრამდე იცვლება.
თუმცა, სანამ ახალი ნაგავსაყრელი მოეწყობა, ხელისუფლება ამბობს, რომ მდგომარეობის შესამსუბუქებელ სამუშაოებს ატარებს — დაახლოებით ათი ჰექტარი ფართობი ნარჩენებისთვის განკუთვნილი ე.წ. ღია უჯრედები ზემოდან გრუნტის საიზოლაციო ფენებით იფარება. მათი თქმით, ეს სამუშაოები ნოემბერში უნდა დამთავრდეს.
ადგილობრივი ვლადიმერ ნაკაშიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ არსებულ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოებს მხოლოდ დროებით შეუძლია პრობლემის მოგვარება. მისივე თქმით, ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს 2014-2015 წლებში, მაგრამ მასშტაბური პროექტისა და რადიკალური ზომების გარეშე, პრობლემა მხოლოდ დროებით მოგვარდება და ადრე თუ გვიან ისევ აქტუალური გახდება:
„მოსახლეობას ახლა ტყუილში ცხოვრების განცდა აქვს. სიტყვის მასალად ვიცით ისიც, რომ ახალი პოლიგონისთვის სივრცეს ეძებენ, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, არავინ ვიცით“, — ამბობს ნაკაშიძე.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ მოსახლეობის პრობლემები ესმით, თუმცა ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა, სინამდვილეში, დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული.
კომპანიის ცნობით, იმ სავარაუდო ადგილებზე, სადაც ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა განიხილებოდა, მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები ხალხი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო და იგივე მდგომარეობაა ახლაც. ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს უთხრა ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის ვადებთან დაკავშირებით, ზუსტი არ არის. თუმცა სააგენტოში ირწმუნებიან, რომ არსებულ ნაგავსაყრელზე პრობლემის საბოლოოდ მოგვარება რეალურია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
მთავარ ფოტოზე: 5 ოქტომბრის აქცია ნიკეას ქუჩაზე, ქუთაისში.
