ახალი ამბები

ინჯია: რა კარგი იქნებოდა, რომ 100 ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა

2 ნოემბერი, 2022 • 1030
ინჯია: რა კარგი იქნებოდა, რომ 100 ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა

„ევროპელი სოციალისტების” დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას თქმით, საქართველოში ცხოვრება უკეთესი იქნებოდა, ქვეყანაში 100 ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს. ამის შესახებ მან დღეს, 2 ნოემბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ყველამ ყველაფერი იცის და ყველა ყველაფერს ხედავს”, თუ რისთვის ჩაიწერა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში პუნქტი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

“ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ებრძვიან გამარჯვებულ პარტიას, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი “ოცნება”, ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს… ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს საქართველოში შემოტანილი, და ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე, რომლებსაც მილიარდები აქვთ გატანილი საქართველოდან, ხმასაც არ იღებენ და არცერთ რეზოლუციაზე ამაზე საუბარი არ არის.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი, 100 და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება ჩვენი საქართველო? აქ ჩვენმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, მიდის საქართველოდან ხალხი. კი, მიდიან. არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს. აი, როცა იქნება 100, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა. არ წავა ეს ხალხი მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება მიიღებს ისეთს კანონებს, რომელიც მისაღები იქნება იქ წასული, გაქცეული, თუნდაც ქართველები, რომლებიც ითხოვენ და უნდათ ჩამოსვლა… რა კარგი იქნებოდა, რომ 100 ივანიშვილი იყოს. რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ინჯიამ.


დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის  მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთია. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ამ პუნქტის შესასრულებლად უკრაინული კანონი აიღეს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ უკრაინული მოდელით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის კატეგორიაში არ ჯდება და, შესაბამისად, მას არ შეეხება. თუმცა ოპოზიცია სწორედ ივანიშვილს მიიჩნევს ოლიგარქად.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, უკრაინული კანონის მიღების შემთხვევაში, დეოლიგარქიზაცია შეეხება ოპოზიციასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს.

ამავე თემაზე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი