ახალი ამბები

პაპუაშვილი „უადგილოს“ უწოდებს EU-ს ელჩის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

6 ოქტომბერი, 2023 •
პაპუაშვილი „უადგილოს“ უწოდებს EU-ს ელჩის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას „უადგილოს“ უწოდებს.

პაპუაშვილის თქმით, როცა საერთო ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, ამაში სწორედ კანონის უზენაესობა იგულისხმება და „არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები“, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი.

პაპუაშვილის თქმით, ისეთი განცხადებები, როგორიც ევროკავშირის ელჩს ჰქონდა, „ხელს უწყობს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს“.

„ამიტომ, განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას. ვხედავთ, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ცივილიზებულად მიდის და ევროპულად მიდის სასამართლო პროცესის სახით. ეს არის ევროპა. ჩვენ ასე გვესმის ევროპა. თუკი ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარან, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ. სწორედ ეს არის ჩვენი გაგება ევროპულობის და ტესტი ჩვენი ევროპულობისა, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყდეს ეს პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას „სამწუხაროს და უდროოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როცა ევროკომისიამ გაფართოების საკითხზე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.

მისივე თქმით, ეს პროცესი დეპოლარიზაციის შემცირებას არ დაეხმარება.


გუშინ, 5 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა, სადაც მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. დასკვნას სასამართლო კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს პარლამენტს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი