ახალი ამბები

სამწუხარო და უდროო – ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

6 ოქტომბერი, 2023 •
სამწუხარო და უდროო – ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი  „სამწუხაროს და უდროოს“ უწოდებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და აცხადებს, რომ ეს პროცესი ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როცა ევროკომისიამ გაფართოების საკითხზე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.

მისივე თქმით, ეს პროცესი დეპოლარიზაციის შემცირებას არ დაეხმარება.

„მე უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ვარ, ძალიან ყურადღებით ვისმენ, რას ამბობს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ზოგი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვა პოლიტიკოსებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შესრულებულა. თუ თქვენ მკითხავთ ჩემი პოზიციის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული.

ერთი მხრივ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით უმაღლესი წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მეორე მხრივ კი, კვლავ გვესმის საქართველოდან წამოსული შერეული სიგნალები. გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, რომელიც ცალსახად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის, დეპოლარიზაციის შესრულებას.

არსებობს კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც არ უწყობს ხელს რიგით მეორე რეკომენდაციის შესრულებას. კვლავ არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [„ფორმულას“ თარგმანი].

ამასთან, ელჩის თქმით, როდის გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ეს შეიძლება იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისი.


გუშინ, 5 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა, სადაც მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. დასკვნას სასამართლო კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს პარლამენტს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი