ახალი ამბები

მე მას ვუშვებდი ყველგან, მაგრამ რადიკალურად შეცვალა მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა — ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

5 ოქტომბერი, 2023 •
მე მას ვუშვებდი ყველგან, მაგრამ რადიკალურად შეცვალა მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა — ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობისას ევროპელ კოლეგებთან ისაუბრა “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე. მისი განცხადებით, მან ევროპელ ლიდერებს განუმარტა მიზეზები, თუ რატომ დაიწყო “ქართულმა ოცნებამ” ეს პროცესი.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ მას შემდეგ დაიწყო უარის თქმა სალომე ზურაბიშვილისთვის საერთაშორისო ვიზიტებზე, რაც მან “რადიკალურად შეცვალა ორიენტირი და მესიჯბოქსი” და “ოპოზიციის დონეზე დავიდა”.

“შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან, სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ, ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში”, — თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპელ ლიდერებს ესმით “ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი”, თუმცა ამბობენ, რომ “ეს არ არის ლამაზი”.

“სამწუხაროდ, და ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა ამდენი გამოწვევების წინაშეა. ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია…

როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის.

მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს…

[მანაც გაიმეორა] ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. აი, ამაზეა საუბარი. მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს”, — თქვა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი