ახალი ამბები

წიგნები წაიკითხეთ – პაპუაშვილი ქალ დეპუტატებს

5 ოქტომბერი, 2023 • 1316
წიგნები წაიკითხეთ – პაპუაშვილი ქალ დეპუტატებს

“სიღრმეში წადით, წიგნები წაიკითხეთ”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებმაც მას მორიგ ჯერზე სექსისტურ განცხადებაზე მიუთითეს.

კერძოდ, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პაპუაშვილს უთხრა, რომ ქალი დეპუტატების გამოსვლის შემდეგ სექსისტურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე. სამნიძის თქმით, ასეთი შემთხვევა იყო გუშინაც, როცა პაპუაშვილმა ქალი დეპუტატის გამოსვლა “ისტერიულად” შეაფასა.

სამნიძემ პაპუაშვილს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს და ქალ კოლეგებზე სხვა ტიპის შეფასებების გაკეთება ურჩია.

საპასუხოდ პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სექსიზმში თავად დაადანაშაულა.

“თქვენ თუ გგონიათ, რომ სიტყვა ისტერია სექსისტურია, თქვენ ხართ ზუსტად სექსისტი, რადგან გამოდის, რომ მხოლოდ ქალები შეიძლება იყვნენ ისტერიული და არა კაცები. ხომ ელემენტარული ცოდნა უნდა ამ ყველაფერს. ვერც კი ხვდებით, ისე აკეთებთ სექსისტურ განცხადებებს.

თქვენ აქ რაც იკადრეთ ქალბატონი თეა წულუკიანის გამოსვლის დროს, თქვენ პირადად და თქვენმა მეგობარმა ქალმა დეპუტატებმა, რა პლაკატიც გეჭირათ ხელში, ზედ რაც ეწერა, ეს თუ არ არის ისტერია და ეს თუ არ არის ქალთა უფლებების შელახვა, როდესაც ქალი პოლიტიკოსი გამოდიოდა ტრიბუნასთან… თქვენ მორალს როგორ კითხულობთ საერთოდ, რაც თქვენ იკადრეთ, ხელში რაც გეჭირათ, რა სიტყვებიც ზედ ეწერა, რა მორალზე საუბრობთ საერთოდ. მორალთან ახლოსაც არ ხართ გავლილი და ქალთა უფლებებთან. ქალი პოლიტიკოსი იდგა ტრიბუნასთან და რა იკადრეთ ქალმა პოლიტიკოსებმა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქალ დეპუტატებს, რომლებიც მას სექსისზმზე მიუთითებენ, იურისპრუდენცია მხოლოდ ტრენინგებით აქვთ ნასწავლი და “სიღრმეებში ვერ მიდიან”.

“რა როლს აჩვენებთ თქვენ ახალგაზრდა გოგონებს, რომ ეს არის პოლიტიკა? რომ ეს შეუძლია ქალს მხოლოდ? ისტერია? თქვენ იარლიყს აკრავთ ქალებს, რომ თურმე მხოლოდ ქალი შეიძლება იყოს ისტერიული და არა კაცი. სექსისტური გამოსვლა იყო ზუსტად თქვენი.

მე ერთ რამეს გირჩევდით, Power Point-ის იქით სიღრმეში წადით, წიგნები წაიკითხეთ და ცოტა მეტად გაერკვიეთ ამ საკითხებში”, – მიმართა პაპუაშვილმა ქალ დეპუტატებს.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი