ვაშინგტონმა კიევს 1.1 მილიონი ტყვია გადასცა, იტყობინება „ბი-ბი-სი“ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, საბჭოთა იარაღისთვის შესაფერისი 7.62-მილიმეტრიანი ამუნიცია ამერიკულმა მხარემ აღმოაჩინა გემზე, რომელიც იემენისკენ მიემართებოდა – ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო კი იქ შეიარაღების შეტანა აკრძალულია.
ამერიკული მხარის განცხადებით, ტყვია-წამლის კონფისკაცია წინა წლის დეკემბერს მოხდა, ხოლო აშშ-ის კუთვნილებაში გადავიდა სამოქალაქო ქონების უფლების დაკარგვის ფარგლებში – ამ პროცესის ფარგლებში, თუკი აქტივის მეპატრონე დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენს, მისთვის ქონების ჩამორთმევა შეიძლება. ამ შემთხვევაში ტყვია-წამლის მფლობელად მიიჩნიეს ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი.
უკრაინისთვის ტყვიების გადაცემის პარალელურად, ადმირალმა ბობ ბაუერმა, ნატოს სამხდრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო მარაგები, საუკეთესო შემთხვევაში, ნახევრად არის სავსე. როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ მწირი რეზერვებისა და არასაკმარისი წარმოების გამო გაუჭირდებათ უკრაინის მომარაგება ტყვიებით, კიევის მიერ ბრძოლის ველზე მათი დიდი რაოდენობით მოხმარების გამო.







