ახალი ამბები

საია თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს | საიმპიჩმენტო დავა

4 ოქტომბერი, 2023 • 1331
საია თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს | საიმპიჩმენტო დავა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ დავას იმპიჩმენტის შესახებ.

ორგანიზაციის შეფასებით, პრეზიდენტის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს.

საიას აზრით, აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის თითოეული დებულების მისი ნამდვილი მიზნის შესაბამისად განმარტება და მათი პრაქტიკაში გამოყენება — კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობების წარმოებასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან, უნდა განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომელიც სპეციალურ ნორმაში — 78-ე მუხლშია ასახული.

„სხვა სიტყვებით, უფლებამოსილებები, რომლებიც ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა გაგებით, მათ უნდა გამოიყენონ შინაარსობრივი კომპეტენციის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს პოზიციის „ერთ ხმაში გაჟღერების“ საჭიროება.

აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება“, — მიიჩნევს საია.

იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ვიზიტები, საია-ს შეფასებით, არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო „მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს“.

საია ასევე ხაზს უსვამს, რომ პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა.

„ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია“, — აცხადებს საია.


რა ხდება

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო დავა, რომელსაც საფუძვლად უდევს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს, ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია მის იმპიჩმენტს კენჭი უყაროს. ამისთვის კი „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი