ახალი ამბებისაზოგადოება

წარმოუდგენელია, პოლიციელმა წინასწარ განსაზღვროს, კონსტრუქცია სჭირდება თუ არა გამოხატვას – კორძაია

4 ოქტომბერი, 2023 •
წარმოუდგენელია, პოლიციელმა წინასწარ განსაზღვროს, კონსტრუქცია სჭირდება თუ არა გამოხატვას – კორძაია

დეპუტატი თამარ კორძაია ცენზურად აფასებს “ქართული ოცნების” ინიციირებულ კანონპროექტს აქციებზე დროებითი კონსტრუქციების დადგმის წესის გამკაცრების შესახებ.

“ეს არის წინასწარი ცენზურა. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სცენის, მიკროფონების, ხმის გამაძლიერებლების გაქირავებით და ეს მისი სარჩოს წყაროა, ვერ გარისკავს და აქციის მონაწილეებს ვერ მიუტანს ამ გამაძლიერებელ საშუალებებს”, – ამბობს კორძაია.

დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ბუნდოვანია და პოლიციელებს თვითნებობის საშუალებას მისცემს.

“ის, რასაც გვთავაზობთ, არის პოლიციის თვითნებობა. წარმოუდგენელია, პოლიციელმა წინასწარ განსაზღვროს, ჩემ მიერ ან ნებისმიერი მოქალაქის მიერ მიტანილი კონსტრუქცია სჭირდება თუ არა მის გამოხატვას. თქვენ დღეს გვთავაზობთ შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირების სახელით შინაარსის რეგულირებას და საერთოდ უარის თქმას გამოხატვის თავისუფლებაზე.

თქვენ კონკრეტიზაციას კი არ გვთავაზობთ, თქვენ გვთავაზობთ საერთოდ ბუნდოვან რეგულაციას, რაც თვითნებობის საშუალებას მოგცემთ ყველა აქციაზე, ყველა პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში. ეს არის ზუსტად დიქტატურის ძირითადი დამადასტურებელი ნიშანი – ხელისუფლების მწვავე სურვილი, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა”,  – განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად საუბრობს უსაფრთხოებაზე, სინამდვილეში კი ხელისუფლების ვალია ბალანსის დაცვა უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის.

“რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია”, საუბრობს უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების დაცვაზე. სინამდვილეში, თავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ თუ უსაფრთხოებაზე? ესაა კონცეპტუალური შეკითხვა. ხელისუფლების ტვირთია დაიცვას ბალანსი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის. როდესაც ბალანსი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის უსაფრთხოების სასარგებლოდ იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. ჩვენ მუდმივად ვხედავთ მცდელობებს, რომ უსაფრთხოების სასარგებლოდ გადაიწონოს ამ სიმძიმემ“, – ამბობს კორძაია.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ დააინიციირა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ამკაცრებს აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი