ახალი ამბებისაზოგადოება

სადაც რევოლუცია მომხდარა, მთავარი მოქმედი პირი ხელისუფლება და მისი შეცდომები იყო – ელისაშვილი 

4 ოქტომბერი, 2023 • 1459
სადაც რევოლუცია მომხდარა, მთავარი მოქმედი პირი ხელისუფლება და მისი შეცდომები იყო – ელისაშვილი 

პარტია”მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესის გამკაცრებით “ქართული ოცნებას” უნდა “პრევენცია იმის, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს”.

მან გაიხსენა საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის, ხოლო უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდი და განაცხადა, რომ პროტესტის შეჩერების მცდელობა “ამაო ძალისხმევაა”

“გავიხსენოთ ნაციონალური მმართველობის ბოლო წლები, როცა სწორედ გახშირებული მიტინგების და აქციების გამო მიიღეს ასეთი ცვლილება – თუ იქამდე სამთავრობო შენობებთან მიახლოება 20 მეტრზე ახლოს არ შეიძლებოდა, 50 მეტრამდე გაზარდეს ეს დისტანცია. პანტაპუნტით იჭერდნენ აქტივისტებს, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან არ უშველა. ზუსტად იგივეა, რისი ცვლილებაც ახლა თქვენ გინდათ – პრევენცია გინდათ იმის, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოვიდეს და თუ გამოვა, მეტი ბერკეტი გქონდეთ.

მოდით, ახლა კაცობრიობის ისტორიას გადავავლოთ თვალი, ჩვენ უახლოეს ისტორიასთან ერთად: სადაც კი რამე რევოლუცია მომხდარა და მღელვარებით, ქუჩაში აქციებით და გამოსვლით ხელისუფლება შეცვლილა, მთავარი მოქმედი პირი იქ იყო ხელისუფლება და მის მიერ დაშვებული შეცდომები – ის არ უგდებდა ყურს ხალხს, არ ფიქრობდა ხალხის პრობლემებზე, ხალხის რეალურ გასაჭირზე, სადღაც თავისას ერეკებოდა და ის შედეგები უდგებოდა ყველას, რა შედეგებიც დაუდგათ. იანუკოვიჩი იქნებოდა თუ საფრანგეთის რევოლუცია თუ ნებისმიერ სხვა. ასე რომ, აბსოლუტურად ამაო ძალისხმევით ხართ დაკავებულები. რატომ აკეთებთ ამას? რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის დანაყვის შედეგად არაფერი არ დარჩება?”, – განაცხადა ელისაშვილმა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამანეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ დააინიცირა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ამკაცრებს აქციებებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი